 |
 |
 |
 |
მთავარი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური 2003 წლის 16 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის #354 ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და უფლებამოსილებები «უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ» 2003 წლის 6 ივნისის საქართველოს კანონითა და «საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 26 ნოემბრის #859 ბრძანებულებით განისაზღვრა.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ძირითად მიზანს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობა წარმოადგენს. «უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, მონიტორინგს ექვემდებარება როგორც ნაღდი, აგრეთვე უნაღდო ანგარიშსწორებით განხორციელებული გარიგებები, რომელთა თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) და ყველა საეჭვო გარიგება, მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური «უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე შეიმუშავებს და გამოსცემს შესაბამის კანონქვემდებარე აქტებს, რომლებიც განსაზღვრავენ მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესს.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტთან (Moneyval), ფინანსური ქმედების სპეციალურ ჯგუფთან (FATF), სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური 2004 წლის 23 ივნისიდან გაწევრიანებულია ეგმონტის ჯგუფში, რომელიც მსოფლიოს 116 სახელმწიფოს ანალოგიურ სამსახურს აერთიანებს, რაც საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს საშუალებას აძლევს ოპერატიულად გაცვალოს ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში აქტიურად თანამშრომლობს მონიტორინგის განმახორციელებელ პირებთან, აწვდის მათ შესაბამის მეთოდოლოგიურ და სარეკომენდაციო მასალებს, სათანადო ინსტრუქციებს. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სისტემატური ხასიათის ურთიერთობები აქვს საზედამხედველო ორგანოებთან - საქართველოს ეროვნულ ბანკთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური მუდმივად აანალიზებს საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სფეროში მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო რეკომენდაციების პრაქტიკული შესრულების მდგომარეობას. ქვეყანაში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ გატარებულმა ზომებმა და ამ მიმართულებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობამ გარკვეულწილად გაზარდა როგორც საქართველოს მოსახლეობის, ისე უცხოელი პარტნიორების ნდობა საქართველოს საფინანსო სისტემის მიმართ და ხელი შეუწყო ქვეყანაში ინვენსტიციების მოსაზიდად აუცილებელი წინაპირობების შექმნას.
მონიტორინგის განმახორციელებელი პირების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები და დამატებები შესაბამის დებულებებში, რომლის თანახმად, კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ანგარიშგების ფორმების გამოგზავნა გათვალისწინებულია ელექტრონული ფორმით და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში (ელექტრონული ფორმით გამოგზავნის შეუძლებლობისას) ნაბეჭდი ფორმით. ანალოგიური ცვლილებები შევიდა ასევე შესაბამის დებულებებში, რომლის თანახმად მიმდინარე წლის 4 ივნისიდან საბაჟო ორგანოები, ნოტარიუსები, სამორინეები, ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი პირები ვალდებული არიან ანგარიშგების ფორმები გამოაგზავნონ ელექტრონული ფორმით და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში (ელექტრონული ფორმით გამოგზავნის შეუძლებლობისას) ნაბეჭდი ფორმით. ცვლილებები და დამატებები შესაბამის დებულებებში გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, ნაწ. III, #62, 01.06.2010 და ნაწ. III, #63, 04.06.2010 (მიყევით ბმულს http://www.fms.gov.ge/?lang=geo&menu=21) |
 |
 |
 |
 |